YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 31

31
სიტყვანი ლემუელისა
1სიტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლითაც წვრთნიდა დედა მისი:
2რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? და რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა?
3ნუ მისცემ დედაკაცებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველებს!
4მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული,
5რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს.
6მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულით გამწარებულს.
7მან დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი ტანჯვა აღარ გაიხსენოს!
8გახსენი შენი პირი მუნჯისათვის, წარმავლობის ძეთა სამართლისათვის,
9გაუხსენი პირი მართლმსაჯულებას და განიკითხე გლახაკი და უპოვარი.
10მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი.
11ერწმუნება მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ დააკლდება.
12ის სიკეთეს მიუზღავს მას და არა სიბოროტეს მთელი მისი ცხოვრების დღეებში.
13მატყლს და სელს შოულობს იგი და ბეჯითად შრომობს საკუთარი ხელებით.
14სავაჭრო ხომალდების მსგავსია იგი და შორიდან მოაქვს თავისი პური.
15დგება ჯერ კიდევ ღამიანად და საკვებს ურიგებს თავის სახლს და ულუფას – თავის მხევალთ.
16გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს.
17ძალას შემოირტყამს წელზე და იმაგრებს მკლავებს.
18ხვდება, რომ კარგია მისი ჭირნახული, ღამით არ ქრება მისი სანთელი.
19იწვდენს ხელს სართავი ჯარისაკენ და მის ხელებს უპყრიათ თითისტარი.
20თავის ხელისგულს უშლის ღარიბს და ხელებს უწვდენს უპოვარს.
21არ შიშობს იგი თავის სახლზე თოვლიანობისას, რადგან მთელი მისი სახლი შემოსილია ძოწისფერი ქსოვილით.
22ის ფარდაგებს იკეთებს თავისთვის, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.
23ცნობილია მისი ქმარი ქალაქის კარიბჭეებთან, ქვეყნის უხუცესებთან ჯდომისას.
24ტილოს ტანსაცმელს კერავს და ყიდის, და სარტყლებს აძლევს ვაჭარს.
25ძალა და ღირსება მისი სამოსელია და უღიმის იგი მომავალ დღეს.
26პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე.
27თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს.
28დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და – აქებს მას:
29‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’
30მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.
31მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან.

Currently Selected:

იგავ. 31: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy