YouVersion Logo
Search Icon

ეკლ. 1

1
ყოველივე ამაოა
1სიტყვანი ეკლესიასტესი, დავითის ძისა, მეფისა იერუსალიმში.
2„ამაოებათა ამაოება,“ თქვა ეკლესიასტემ. „ამაოებათა ამაოება! ყოველივე ამაოებაა!“
3რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს?
ყოველივე წარმავალია
4თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა კი საუკუნოდ დგას.
5და ამოდის მზე და ჩადის მზე; და თვისი ადგილისაკენ მიისწრაფის, საიდანაც ამოვიდა.
6ქარი ქრის სამხრეთისაკენ, და ტრიალდება ჩრდილოეთისაკენ. ტრიალებს, ტრიალებს ქარი და თავის წრეზე უკან ბრუნდება ქარი.
7ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. საიდანაც მდინარენი მოედინებიან, ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად.
8ყველა საგანი დამქანცავია, კაცი ვერ შეძლებს მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ აივსება სმენით.
9რაც იყო, ისევ იქნება, და რაც ხდებოდა, ისევ მოხდება: არაფერი არ არის ახალი მზის ქვეშ.
10არის რაღაც, რაზეც იტყვიან: „შეხედე, ახალია ეს!“ ის კი უკვე ყოფილა საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო.
11ხსენება არა აქვთ წინანდელთ, და არც შემდგომთ ექნებათ ხსენება მათ შორის, შემდეგ რომ იქნებიან.
სიბრძნის ამაოება
12მე, ეკლესიასტე, ვიყავი მეფე ისრაელზე იერუსალიმში.
13და დავუდე ჩემი გული, რომ სიბრძნით მეძებნა და შემემოწმებინა, რაც ცის ქვეშ ხდებოდა. მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამიანებს, გასატანჯავად.
14ვიხილე მე ყოველი საქმენი, მზის ქვეშ რომ კეთდება და აჰა, ყოველივე ამაოა და ქარის დევნაა!
15დაგრეხილის გასწორება შეუძლებელია და დანაკლისი ვერ დაითვლება.
16ვლაპარაკობდი ჩემს გულში: „შევიძინე და გავამრავლე სიბრძნე ყველა იმათზე მეტად, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში, და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!“
17და განვაწყვე ჩემი გონება, რათა შემეცნო სიბრძნე და შემეცნო სიბრიყვე და სისულელე! და გავიგე, რომ ესეც ქარის დევნაა.
18რადგან დიდ სიბრძნეს დიდი სევდა მოსდევს და ცოდნის გაღრმავებით იღრმავებ ტკივილს.

Currently Selected:

ეკლ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy