YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 30

30
აგურის წარმონათქვამნი
1სიტყვები აგურისა, იაკეს ძისა, მისნისა, წარმონათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალისადმი:
2მე ხომ უმეცარი ვარ კაცთაგან და ადამიანის გონება არა მაქვს მე,
3არ მისწავლია სიბრძნე და წმიდის შეცნობა არ ვიცი.
4ვინ ავიდა ცაში და ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი თავისი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
5ღმერთის ყოველი ნათქვამი ხალასია, ფარია ის მასზე დანდობილისათვის.
6ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ დაგსაჯოს და არ გამოდგე მატყუარა.
7ორს მოვითხოვ მე შენგან, უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდები:
8ამაო და სიცრუე განმაშორე, ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს ნუ მომცემ, ჩემი წილი პურით გამომკვებე,
9რომ არ გავძღე, არ უარვყო და არ ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან რომ გაღარიბებულმა, არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა.
10ნუ დააბეზღებ მონას თავის ბატონთან, რათა არ დაგწყევლოს და არ დადანაშაულდე.
11თაობა, მაწყევარი თავისი მამისა და არა მაკურთხებელი თავისი დედისა,
12თაობა, სუფთა საკუთარ თვალში, მაგრამ განუბანელი თავის სიბინძურისაგან,
13თაობა, რა ზვიადია მისი თვალები და რა აზიდულია მისი ქუთუთოები,
14თაობა, რომელთა კბილები მახვილებია და რომელთა ყბები დანებია, რათა შეჭამოს საწყალნი ქვეყნისა და უპოვარნი ადამიანთაგან.
15წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომეცი, მომეცი!“ სამი გაუმაძღარია და ოთხი არ იტყვის: „კმარა!“
16შავეთი და უნაყოფო საშო, ქვეყანა, რომელიც ვერ ძღება წყლით, და ცეცხლი, რომელიც არ ამბობს: „კმარა!“
17თვალი მამის დამცინავი და დედის მორჩილების მოძულე – ამოკორტნიან მას ხევის ყორნები და შეჭამენ მას არწივის მართვენი.
18სამი რამ არის საოცარი ჩემთვის, ხოლო ოთხი რამ არ ვიცი:
19გზა არწივისა ცაში, გზა გველისა კლდეზე, გზა ხომალდისა ზღვის შუაგულში და გზა მამაკაცისა ქალწულთან.
20ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამა, მოიწმინდა პირი და თქვა: „არ გამიკეთებია მე ცუდი!“
21სამი რამის ქვეშ იძვრის მიწა და ოთხის ზიდვა არ შეუძლია:
22მონა, როდესაც ის მეფდება, და არამზადა, როდესაც ის პურით ძღება,
23საძულველი ქალი, როდესაც ის თხოვდება და მხევალი, როდესაც ის დაიმკვიდრებს თავისი ქალბატონის ადგილს.
24ოთხი რამ არის უმცირესი მიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან:
25ჭიანჭველები არ არიან ძლიერნი, მაგრამ ზაფხულში იმზადებენ თავიანთ პურს.
26კურდღლები არ არიან მაგარი ხალხი, მაგრამ კლდეზე დგამენ თავიანთ სახლს.
27მეფე არა ჰყავს კალიას, მაგრამ ყველანი მწყობრად გამოდიან.
28ფსვენს ხელებით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია.
29სამნი კარგად დააბიჯებენ და ოთხნი მარჯვედ დადიან:
30ლომი ძლიერია მხეცებში და უკან არ დაიხევს არავის წინაშე,
31საბრძოლოდ აღკაზმული ცხოველი და ბოტი და მეფე, როდესაც ჯარი ახლავს!
32შენ თუ იარამზადე ქედმაღლობით ან ბოროტი განიზრახე, დაიდე ხელი პირზე!
33რადგან რძის შედღვება წარმოქმნის კარაქს და ცხვირის შედღვება წარმოქმნის სისხლს, ხოლო რისხვის შედღვება წარმოქმნის შუღლს!

Currently Selected:

იგავ. 30: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy