YouVersion Logo
Search Icon

მათ. 9

9
დავრდომილის განკურნება
1და ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში.
2აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“
3აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: „ღმერთსა გმობს ეს კაცი.“
4იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
5რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე?
6ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, – ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“
7ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
8ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.
მკურნალი სნეულებს სჭირდებათ
9იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.
10მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით.
11ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
12ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
13წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“
მარხვისათვის
14მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
15უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
16არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა.
17არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“
სისხლდენით გატანჯული ქალი
18როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება.“
19წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.
20აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას.
21ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
22ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.“ და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.
23მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
24უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და სასაცილოდ აიგდეს იგი.
25როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა.
26და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
ორი ბრმის განკურნება
27როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“
28სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: „კი, უფალო!“
29მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“
30და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“
31მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
მუნჯის ალაპარაკება
32ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი.
33როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში.
34ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.
სამკალი ბევრია
35დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას.
36ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
37მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა.
38ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“

Currently Selected:

მათ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy