YouVersion Logo
Search Icon

მათ. 10

10
თორმეტის არჩევა
1მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
2ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,
3ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი,
4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
თორმეტის მივლინება
5ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.
6არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
8სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით.
10ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.
11რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
12სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’
13თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.
14ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან.
15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
ცხვრები მგლებს შორის
16აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.
18წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
23როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
24მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
25საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?
26ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
27რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
ნუ გეშინიათ მათი
28ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
29განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
30ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
31ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
ქრისტეს აღიარება და უარყოფა
32ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული – თავის დედისაგან და რძალი – თავის დედამთილისაგან.
36კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან.
37ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.
38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
ვინც მე მღებულობს
40ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
41ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“

Currently Selected:

მათ. 10: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy