YouVersion Logo
Search Icon

იერ. 17

17
გაგრძელება
1„იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
2როგორც ახსოვთ თავიანთი შვილები ასევე თავიანთი სამსხვერპლოები და თავიანთი აშერები ამწვანებულ ხეებთან მაღალ ბორცვებზე.
3ჩემო მთავ მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, შენს გორაკებს – ცოდვის წილ მთელ შენს საზღვრებში.
4და შენს გამო ჩამოეცლები შენს სამკვიდრებელს, რომელიც მე მოგეცი, და დაგამონებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ. რადგან გააღვივეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, უკუნისამდე იგიზგიზებს.“
5ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული.
6და იქნება შიშველივით ტრამალზე, ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას და იცხოვრებს გადაბუგულ უდაბნოში, მარილოვან ქვეყანაში, და ვერ დასახლდება.
7კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.
8და იქნება, როგორც ხე დარგული წყალთან, და ნაკადულთან გაუშვებს თავის ფესვებს, და არ შეშინდება, როცა პაპანება დადგება, და იქნება მისი ფოთლები ამწვანებული, და გვალვიან წელიწადში არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის გამოღებას.
9ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?
10მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.“
11გუგულმა გამოჩეკა, თვითონ კი არ დაუდევს – ასეთია სიმდიდრის მომხვეჭელი, უსამართლოდ რომ იხვეჭს. თავისი დღეების შუაძალზე დაკარგავს მას, ბოლოს კი ბრიყვად დარჩება.“
12დიდების ტახტი, პირველთაგან ამაღლებული, ადგილია ჩვენი საკურთხევლისა.
13იმედო ისრაელისა, უფალო, ყველა შენი მიმტოვებელი შერცხვება და ჩემგან განდგომილნი მიწაში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცოცხალი წყლის წყარო – უფალი.
14განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი.
15აჰა, ისინი მეუბნებიან მე: „სად არის უფლის სიტყვა, მოვიდეს!“
16მე არ გავურბოდი მწყემსობას შენს კვალზე და უბედურების დღე არ მსურდა, შენ იცი. ჩემი ბაგეებიდან გამოსული შენს თვალწინ იყო.
17ნუ გახდები ჩემი დამღუპველი, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს.
18დაე, შერცხვნენ ჩემი მდევარნი და მე ნუ შევრცხვები, დაე, გატყდნენ ისინი და მე ნუ გავტყდები, მოაწიე მათზე უბედურების დღე და ორმაგი დალეწვით დალეწე ისინი.
იერემიას სიტყვა შაბათის შესახებ
19ასე მითხრა მე უფალმა: „წადი და დადექი ერის ძეთა კარიბჭეში, სადაც შემოდიან და საიდანაც გადიან იუდას მეფენი; და ასევე იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭეში.
20და უთხარი მათ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა, იუდას მეფენო, ყველა იუდაელო და იერუსალიმის მკვიდრნო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში.
21ასე თქვა უფალმა: გაუფრთხილდით თქვენს სულებს და შაბათ დღეს ნუ იტვირთავთ ტვირთს, და ნუ შეიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში.
22თქვენი სახლებიდან ნუ გამოიტანთ ტვირთს შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამებს.
23მაგრამ მათ არ მისმინეს და არ დამიგდეს ყური, და გაიფიცხეს ქედები, რათა არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება.
24მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ მე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შაბათ დღეს არ შეიტანთ ტვირთს ამ ქალაქის კარიბჭეებში და წმიდაჰყოფთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს.
25მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში მეფენი და მთავარნი, იუდას კაცნი და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ.
26და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, და ბენიამინის ქვეყნიდან და დაბლობიდან, და მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ სრულადდასაწველსა და მსხვერპლს და ძღვენს და გუნდრუკს, და მოიტანენ მადლობის მსხვერპლს უფლის სახლში.
27და თუ არ მომისმენთ მე, რომ წმიდაჰყოთ შაბათი დღე და არ იტვირთოთ ტვირთი შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში შესვლისას, მაშინ ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.“

Currently Selected:

იერ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy