YouVersion Logo
Search Icon

იერ. 16

16
ქვეყნის აოხრება და ხალხის ტყვეობა
1და იყო სიტყვა უფლისა:
2„ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ძენი და ასულნი;
3რადგან ასე თქვა უფალმა აქ შობილ ძეებსა და ასულებზე და დედებზე, რომელნიც მათ შობენ, და მათ მამებზე ამ ქვეყანაში:
4სნეულთა სიკვდილით მოკვდებიან და არ დაიტირებიან, და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე და მახვილითა და შიმშილით მოისპობიან, და მათი გვამები ცის ფრინველისა და მიწის ცხოველის საჭმელად იქნება.“
5რადგან ასე თქვა უფალმა: „ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში და ნუ წახვალ დასატირებლად, ნუ იტირებ მათ, რადგან ავკრიბე ჩემი მშვიდობა ამ ხალხისაგან,“ – სიტყვა უფლისა, – „შეწყალება და სიბრალული.
6და დაიხოცებიან დიდები და პატარები ამ ქვეყანაში და არ დაიმარხებიან, არ დაიტირებენ, არ ჩამოიხოკავენ და არ გაიკრეჭენ თმას მათთვის.
7არ გადატეხავენ მათთვის პურს გლოვის გამო მკვდარზე ნუგეშის საცემლად, არ შეასმევენ მათ ნუგეშის საცემ თასს მამაზე და დედაზე.
8ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად.“
9რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან ლხენის ხმას და სიმხიარულის ხმას, და ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
10როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ შენ: ‘რისი გულისათვის თქვა უფალმა ჩვენზე ეს დიდი უბედურება, ან რა არის ჩვენი ურჯულოება და რა არის ჩვენი ცოდვა, რომლითაც შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს?’
11მაშინ უთხარი მათ: ‘იმის გულისათვის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს მე!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ და თაყვანს სცემდნენ მათ, მე კი მიმატოვეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით და აჰა, თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობას მიჰყვება, მე კი არ მისმენს.
13და გადაგყრით თქვენ ამ ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები; და სამსახურს დაუწყებთ იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან არ მოგცემთ შეწყალებას.’
14ამიტომ აჰა, დღეები მოდის,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან,’
15არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გააძევა ისინი!’ და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს.
16და მე გავგზავნი ბევრ მეთევზეს,“ – სიტყვა უფლისა, – „და ითევზავებენ ისინი, და ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებიდან,
17რადგან ჩემი თვალია ყველა მათ გზაზე, ვერ დაიმალებიან ჩემს წინაშე და არ დაიფარება მათი ურჯულოება ჩემს თვალთაგან.
18და გადავუხდი მათ ჯერ მათი ურჯულოების გამო, რადგან შებილწეს ჩემი ქვეყანა, თავიანთ სისაძაგლეთა გვამებით და თავიანთი საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი.“
19„უფალო ჩემო და ძალავ ჩემო, დასაყრდენო ჩემო და ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: ‘მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა – ამაო ღმერთები, რომელთაგანაც არ არის სარგებელი.
20გაიკეთებს ადამიანი თავისთვის ღმერთებს? ისინი არ არიან ღმერთები!
21ამიტომ მე ვასწავლი მათ ამჯერად და გამოვუცხადებ მათ ჩემს ხელს და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ ჩემი სახელი უფალია.“

Currently Selected:

იერ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy