YouVersion Logo
Search Icon

იერ. 15

15
ხალხის დაღუპვა გარდუვალია
1და მითხრა მე უფალმა: „თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან. გაგზავნეთ ისინი ჩემი პირისაგან და წავიდნენ.
2და თუ გეტყვიან: ‘სად წავიდეთ?’ უთხარი მათ, რომ ასე თქვა უფალმა: ‘ვინც განწირულია სასიკვდილოდ, მოკვდეს, ვინც განწირულია მახვილისთვის, მახვილისთვის იყოს, ვინც განწირულია საშიმშილოდ, იშიმშილოს, და ვინც განწირულია დასატყვევებლად, დატყვევდეს!’
3და მოვიკითხავ მათ ოთხი გვარით,“ – სიტყვა უფლისა, – მახვილით – მოსაკლავად, ძაღლებით – სათრევად, ცის ფრინველით და დედამიწის ცხოველით – შესაჭმელად და მოსასპობად.
4და გავხდი მათ შიშისზარად ქვეყნის ყველა სამეფოსთვის მენაშეს, ხიზკიაჰუს ძის, იუდას მეფის გამო იმაზე, რაც გააკეთა მან იერუსალიმში.
5რადგან ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმო, და ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად?
6შენ დამტოვე მე,“ – სიტყვა უფლისა, – „უკან წახვედი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე მე მიტევებით.
7განიავებით გავანიავე ისინი ქვეყნის კარიბჭეებში, დავტოვე უშვილოდ, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მობრუნდნენ.
8გამიმრავლდა მე მისი ქვრივები ზღვის ქვიშაზე მეტად და მოვუყვანე მათ, ჭაბუკის დედას, მძარცველი შუადღისას, მოულოდნელად დავეცი მასზე ძრწოლა და ელდა.
9საცოდავია შვილის მშობელი, სულს ღაფავს; ჩაესვენა მისი მზე დღისით, შერცხვენილი და შეურაცხყოფილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე,“ – სიტყვა უფლისა.
10ვაი მე, დედაჩემო, რადგან მშობე მე მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ; არც გამისესხებია და არც ჩემთვის უსესხებიათ, მაგრამ ყველა მწყევლის მე.
11და თქვა უფალმა: „რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, უბედურობისა და გაჭირვების ჟამს მტერს არ შეგამთხვევდი.
12განა გატეხავს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს.
13შენს სიმდიდრესა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ. ყველა შენი ცოდვის გამო და ყველა შენს საზღვარში.
14და გადავიყვან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა, თქვენზე აღეგზნება.“
15შენ იცი, უფალო! გამიხსენე და მომხედე მე და შური იძიე ჩემს გამო ჩემს მდევნელებზე! შენი სულგრძელობით ნუ წამიყვან მე, იცოდე, შენს გამო ვიტანდი სირცხვილს.
16შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა.
17არ ვმჯდარვარ მე მლაღობელთა წრეში და არ მიმხიარულია; შენი ხელის ქვეშ ვიჯექი მარტოდ, რადგან მრისხანებით გამავსე მე.
18რატომ არის ჩემი ტკივილი განუწყვეტელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ არ მიიღებს წამლობას? მატყუარა, არასაიმედო ხევად მექეცი.
19ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუ მოინანიებ, დაგაბრუნებ და ჩემს წინაშე იდგები. და თუ გამოიღებ ძვირფასს უფასურიდან, ჩემი პირივით იქნები. ისინი მობრუნდებიან შენსკენ, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
20და დაგდებ ამ ხალხის წინ მიუდგომელ სპილენძის გალავნად და შეგებრძოლებიან შენ, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენს სახსნელად და შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა. –
21„და გადაგარჩენ ბოროტთა მუჭს და დაგიხსნი სასტიკთა ხელიდან.“

Currently Selected:

იერ. 15: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy