YouVersion Logo
Search Icon

იაკ. 5

5
მსჯავრი მდიდრებს
1მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის.
2თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა.
3თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.
4აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს.
5თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ.
6თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ.
7ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას.
8თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
9ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ მსჯავრდადებულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი.
10ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ, ტანჯვისა და სულგრძელების მაგალითად აიღეთ თქვენთვის.
11აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და მწყალობელია უფალი.
არ დაიფიცოთ. ილოცეთ ერთმანეთისთვის
12პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.
13ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.
14არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით.
15რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.
16აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.
17ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს.
18კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
19ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
20იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.

Currently Selected:

იაკ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy