YouVersion Logo
Search Icon

იაკ. 2

2
მიკერძოება ცოდვაა
1ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა.
2რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,
3როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „აქ დაბრძანდი კარგად.“ ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი, ანდა: აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო,
4განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუ-დი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?
6თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8თუ ასრულებთ სამეუფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგს შვრებით.
9მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას სჩადიხართ, რჯული გამხილებთ, როგორც რჯულის დამრღვევთ.
10რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
11რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, დამნაშავეებს.
12ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა.
13რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.
რწმენა საქმის გარეშე მკვდარია
14ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა?
15თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
16რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე“, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია?
17ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
18მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.“
19შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
20გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?
21განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?
22ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა.
23აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „და ერწმუნა აბრაამი ღმერთს.“ ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა.
24თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
25ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა?
26რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.

Currently Selected:

იაკ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy