YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 28

28
დაზამთრება მელიტაზე
1გადარჩენილებმა, მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
2კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3როცა პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვა მას.
4კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგან ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“
5მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ, თავად არაფერი ვნებია.
6ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცბად დაეცემოდა მკვდარი. მაგრამ რაკი დიდხანს ელოდნენ და ხედავდნენ, არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს: ეს ღმერთიაო.
7იმ არე-მარეში კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, ყანები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი.
9ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რამე სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.
10მათ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
პატიმარ პავლეს მისვლა რომში
11სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა.
12სირაკუზაში ჩავედით და სამ დღეს დავყავით იქ.
13იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაჰქროლა და მეორე დღეს პუტეოლში მივედით,
14სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში წავედით.
15იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედნამდე და სამდუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა.
16როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
პავლე ასწავლის რომში ორი წლის მანძილზე
17სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და პატიმრად გადამცეს იერუსალიმიდან რომაელთა ხელთ.
18მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა.
19მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის რაიმე ბრალი დამედო.
20ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული.“
21მათ უთხრეს მას: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეადან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი.
22ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“
23დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან.
24ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს.
25რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.
28ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმენენ კიდეც.“
29ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
30პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
31ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე სრულებით ცხადად, დაუბრკოლებლად.

Currently Selected:

საქმე. 28: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy