YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 27

27
პავლეს მგზავრობა რომში:
კესარიიდან კრეტემდე
1როცა გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს კეისრის ასისთავს, სახელად იულიოსს.
2ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი.
3მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
4იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
5განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლუკიას მირაში.
6იქ ნახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
7მრავალ დღეს ნელა მივცურავდით ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და მივცურეთ კრეტესთან, სალმონის მხარეს.
8წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასეა.
9რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ
10და უთხრა: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“
11მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკიაში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
ქარიშხალის ამოვარდნა ზღვაზე
13როცა დაუბერა სამხრეთის ქარმა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, და აუშვეს ღუზა, და გაცურეს კრეტეს გასწვრივ.
14მაგრამ სულ მალე ამოვარდა ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა
15და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ დაუდგა ქარს, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, მივქროდით.
16ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება.
17მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდებს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სურტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
18რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა.
19მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
20მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და ზარალს.
22ახლა კი გირჩევთ, გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
23რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
24და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’
25ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მე მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.
26რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
ხომალდის დაღუპვა
27მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ.
28გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი. შემდეგ მცირე მანძილზე კიდევ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
29შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ.
30როცა მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავის ზღვაში ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები,
31უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო.
32მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს საბელი და ნავი ზღვაში ჩავარდა.
33როცა თენდებოდა, პავლე შეაგონებდა ყველას საჭმელი ეჭამათ და ეუბნებოდა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი არ გიგემიათ.
34ამიტომ გთხოვთ, ჭამოთ საჭმელი. ეს საჭიროა თქვენსავე გადასარჩენად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“
35ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა.
36მაშინ ყველანი გამხნევდნენ და იმათაც ჭამეს საჭმელი.
37ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38როცა დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
ყველამ მიაღწია ხმელეთს
39რომ გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი სანაპიროიანი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ აირჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ.
40მოხსნეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, იმავე დროს ახსნეს საჭის თოკები. აუშვეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
41მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა.
42ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
43მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველი გადაშვებულიყო და გასულიყო ხმელეთზე.
44დანარჩენები კი – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.

Currently Selected:

საქმე. 27: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy