YouVersion Logo
Search Icon

მათ. 24

24
იესოს წინასწარმეტყველება
ტაძრის დანგრევაზე
1და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.
2ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
3ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“
4მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
9მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
11მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.
12და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.
14ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული.
15ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა – წამკითხველმა გაიგოს, –
16მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ.
17ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.
18ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.
22ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.“
კაცის ძის მოსვლა
23„მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ.
24ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
28ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.
29და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.
34ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
36მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
38ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა,
39და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
40მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება;
41ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს,
50მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.

Currently Selected:

მათ. 24: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy