YouVersion Logo
Search Icon

მათ. 23

23
იესო ამხილებს ფარისევლებს
1მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს.
2უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ.
4კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.
5ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;
6უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში,
7და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’
8თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი.
10ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე.
11უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
12ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
შვიდგზის „ვაი თქვენ!“
13„ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.
14ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
15ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
16ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.
17უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.
19ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?
20ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.
22და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.
23ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში – განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.
24ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!
25ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.
26ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.
28ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.
30ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო!
33იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
წინასწარმეტყველთა დევნა
34„ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.
35გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით.
36ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.
საყვედური იერუსალიმს
37„იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი.
39ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“

Currently Selected:

მათ. 23: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy