YouVersion Logo
Search Icon

მათ. 20

20
იგავი ვენახის მუშაკებზე
1„ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს – სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად.
2მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
3მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი.
4უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ.
5კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
6გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’
7უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’
8რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’
9მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს,
12ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’
13მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი?
14აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’
16ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“
იესოს წინასწარმეტყველება თავის სიკვდილზე
17იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში:
18„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
19გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“
20მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რაღაცას ითხოვდა მისგან.
21უთხრა მას: „რა გინდა?“ უთხრა მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“
22მიუგო იესომ და უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ უთხრეს მას: „შეგვიძლია.“
23უთხრა მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ.“
24ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.
25იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,
26მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს.
27ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
28ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“
ორი ბრმის განკურნება
29როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას.
30და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“
31ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“
32იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“
33უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“
34შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.

Currently Selected:

მათ. 20: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy