YouVersion Logo
Search Icon

მათ. 21

21
იესოს შესვლა იერუსალიმში
1როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე.
2უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.
3და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ.“
4ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
5„უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“
6მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.
7მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე.
8დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“
10როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო?
11ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“
ტაძრის გაწმედა.
ბრმებისა და კოჭლების განკურნება
12შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები.
13უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“
14მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი.
15როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ.
16უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.’“
17და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.
ლეღვის ხის გახმობა
18განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
19გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.“ და მყისვე გახმა ლეღვი.
20დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“
21მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.
22ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“
რომელი ხელმწიფებით
23როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
24მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?
26თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“
27მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
იგავი ორ ძეზე
28„აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’
29მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა.
30მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა.
31ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა.“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში.
32ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
33„მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა.
34რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.
35მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.
36კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ.
37ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო.
38მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’
39და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.
40აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“
41უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“
42უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’?
43ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.
44ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს.“
45მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
46ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

Currently Selected:

მათ. 21: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy