YouVersion Logo
Search Icon

გალ. 4

4
ქრისტემ გამოისყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი
1ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია.
2არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება იგი, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით ამ სოფლის წესებს.
4და როცა მოვიდა სისავსე ჟამსა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს
5რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა.
6და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.“
7ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე
თქვენს შორის
8ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს.
11ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის.
12იყავით ჩემისთანები, ვინაიდან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, გევედრებით. ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის.
13ეს იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად.
14თქვენ კი არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი ხორციელად, არამედ მიმიღეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17კეთილად როდი მოშურნეობენ თქვენთვის, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა თქვენ თავი გამოიდოთ მათთვის.
18კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე,
20მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი და გამომეცვალა ჩემი კილო, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენს გამო.
აბრაამის შვილები
21მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
22ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფლისგან.
23მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფლისგან – აღთქმის თანახმად.
24ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი.
25ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს.“
28და ჩვენ, ძმებო, ისაკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ.
29და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30მაგრამ წერილი რას ამბობს? „განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ დაიმკვიდრებს თავისუფლის ძესთან ერთად.“
31ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა.

Currently Selected:

გალ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy