YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 3

3
ჩემთან ივლიან თეთრი სამოსით
1„სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც აქვს შვიდი ღვთის სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ.
2იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენები, სიკვდილთან ახლო მყოფნი, ვინაიდან ვერ დავინახე, რომ შენი საქმეები სრულყოფილი იყოს ჩემი ღვთის წინაშე.
3გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
4თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან.
5გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე.
6ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
მოგეცი ღია კარი
7„ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის კლიტე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს, რადგან მცირე ძალა გაქვს. მაგრამ შენახე ჩემი სიტყვა და არ უარყო ჩემი სახელი.
9აჰა, გადმოგცემ იმათ სატანის საკრებულოდან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ და არ არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ისე მოვუწყობ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
10რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს მიწის მკვიდრნი.
11აჰა, მოვალ მალე. გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღვთის ტაძარში და იგი აღარ გავა გარეთ. დავაწერ მასზე ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
13ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
ვდგავარ კართან და ვრეკ
14„ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა:
15ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი!
16მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე.
19ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე.
20აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
21გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე.
22ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.“

Currently Selected:

გამოცხ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy