YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 105

105
1ალელუია! ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, წყალობა მისი მარადიულია!
2ვის ძალუძს ილაპარაკოს უფლის სიძლიერე, სასმენელ ქმნას მისი ქება-დიდება?
3ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს!
4გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შველით,
5რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. –
13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15და შეუსრულა თხოვნა მათი, და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ.
17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს.
20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში.
22საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი. –
24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი.
25დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში. –
28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდარი [ღმერთების] შესაწირავი.
29განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი.
30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი.
31ჩაეთვალა მას სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33რადგანაც სული გაუმწარეს, და გამოთქვა თავისი ბაგეებით. –
34არ მოსპეს ერები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის.
37შესწირეს თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი ბოროტ სულებს.
38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი.
42ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. –
43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით, და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე. –
47გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით!
48კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: „ამინ!“ ალილუია!

Currently Selected:

ფსალმ. 105: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy