YouVersion Logo
Search Icon

ფილიპ. 2

2
ერთიანობისა და თავმდაბლობის შესახებ
1ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება,
2შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.
3არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
ქრისტე ნიმუშია
5თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია.
6რომელიც ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას,
7არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.
8დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
10რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა,
11ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
სიცოცხლის სიტყვის დაცვა
12ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად.
13ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.
14ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
15რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
16სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღვწოდი.
17და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად.
18ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
პავლეს გეგმა
ტიმოთესა და ეპაფროდიტეს მიმართ
19იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
20ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
22თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობოდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
23იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
24მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან.
25საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემს საჭიროებაში.
26რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენთაგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა.
27რადგან დაავადდა და სიკვიდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა.
28ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც მომკლებოდა დარდი.
29აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
30ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი.

Currently Selected:

ფილიპ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy