YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 8

8
ოთხი ათასი კაცის გაძღება
1იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
2„მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.
3მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“
4და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?“
5ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი.“
6და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს.
7რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ.
8ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს.
9ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი.
10და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.
ფარისეველნი მოითხოვენ სასწაულს
11და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ.
12სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა.“
13და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.
ერიდეთ ფარისეველთა საფუარს
14და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ.
15დაარიგა ისინი და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.“
16ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო.
17იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ?
18თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?
19როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „თორმეტი.“
20„როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „შვიდი.“
21და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?“
ბრმის განკურნება ბეთსაიდაში
22მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.
23და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“
24მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით.“
25შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.
26და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“
იესოს ქრისტედ შეცნობა პეტრესგან
27და დაწავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“
28მათ უთხრეს: ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.
29და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ.“
30და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.
ვინც თავის სულს გაუფრთხილდება,
დაკარგავს მას
31და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.
32და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა.
33ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“
34და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.
35ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
36რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
37ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?
38რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“

Currently Selected:

მარკ. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy