YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 7

7
რა ბილწავს ადამიანს
1და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2და დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს.
3რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი,
4ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში.
5და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?“
6მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს.’
8ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“
9უთხრა მათ: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
10მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’
11თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, –
12მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.
13აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“
14მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ:
15არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
16თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
17როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე.
18უთხრა მათ: „ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
19ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში.“ მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები.
20შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
21ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,
22მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
23ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
ძაღლებიც ჭამენ
შვილების საჭმლის ნამცეცებს
24ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით.
26ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.
27და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“
28მან მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს.“
29უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“
30და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
ყრუ ენაბლუს განკურნება
31კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით.
32და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,
34ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: განიხსენ.
35და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა.
36უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ.
37მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“

Currently Selected:

მარკ. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy