YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 5

5
ლეგიონია ჩემი სახელი
1გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში.
2ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი.
3მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა.
4ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.
6როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“
8რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“
9ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ.“
10ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი.
11იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
12შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“
13დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში.
14ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა.
15მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ.
16მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს.
17და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს.
18როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა.
19ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“
20და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას.
იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება
21და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას.
22და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაინახა იგი, მის ფერხთით დაეცა.
23ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“
24და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა.
25ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა
26და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო,
27მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს.
28რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
29და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.
30მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?“
31და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“
32მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი.
33ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა.
34მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან.“
35ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“
36იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“
37არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა.
38მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ.
39და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“
40ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.
41აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!
42და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.
43მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.

Currently Selected:

მარკ. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy