YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 4

4
იგავი მთესველზე
1კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.
2ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა:
3„ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად.
4თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს.
5ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.
6ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
8ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი – ოცდაათად, ერთი – სამოცად და ერთი – ასად.“
9თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“
10როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე.
11მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
12რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“
13უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს?
14მთესველი სიტყვას თესავს.
15ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
16ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას.
17მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან.
18სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ,
19მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება.
20კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“
დაუკვირდით,
რასაც ისმენთ
21უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან?
22არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
23თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“
24უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
25რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.“
მდოგვის მარცვალზე
26თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში,
27ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.
28რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში.
29რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“
30თქვა: „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ?
31იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის,
32დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“
33მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ.
34იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
ქარიცა და ზღვაც ემორჩილებიან
35იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა.“
36გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო.
37ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა.
38ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“
39წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.
40და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“
41და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“

Currently Selected:

მარკ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy