YouVersion Logo
Search Icon

იობ. 19

19
იობის მეხუთე პასუხი
1და მიუგო იობმა და თქვა:
2„როდემდე უნდა მიმწუხრებდეთ სულს და მთრგუნავდეთ მე სიტყვებით?
3უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გეთაკილებათ, რომ მძრახავთ.
4და თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება.
5თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემი დამუნათებით თავი ისე გიჭირავთ, თითქოს მართლები იყოთ,
6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამამრუდა და გამხვია თავის ბადეში.
7აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.
8მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან დააფინა ჩემს ბილიკებს ბნელი.
9შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა.
10ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება.
11და აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა.
12ერთად მომადგნენ მისი ურდონი, და გამოთვალეს თავიანთი გზა ჩემს წინააღმდეგ, და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს.
13ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობნი გამიუცხოვდნენ.
14მახლობელნი განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს.
15ჩემ სახლში მოსული გარეულნი და ჩემი სახლის მხევლები უცხოდ მათ თვალში უცხო გავხდი.
16ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით.
17ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ.
18ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ.
19მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდნენ, მტრად მომეკიდნენ.
20ჩემი ტყავი და ხორცი ჩემს ძვალს მიეკრა ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი.
21შემიწყალეთ, ჩემო მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
22რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
23ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს,
24რკინის საჭვრეთლით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ!
25და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება.
26მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს,
27რომელსაც მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია თირკმლები ჩემი ჩემს წიაღში.
28თუ იტყვით: ‘რას ვდევნით მას?’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’
29გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!“

Currently Selected:

იობ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy