YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 17

17
1გუნდის ლოტბარს. უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვანი ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრისა და საულის ხელთაგან. და თქვა:
2შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო, ღმერთო ჩემო, ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
4ქებით მოვუხმობ უფალს, და მტრებისაგან გადავრჩები.
5გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილს ხაფანგები გადამეღობა.
7გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
9აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერცხლები აღმოენთნენ მისგან.
10დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფერხთა ქვეშ – ნისლი უკუნი.
11ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
12წყვდიადი თავის საფარველად აქცია; ქუფრ მძიმე ღრუბლებში შეეფარა.
13მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერცხლები.
14და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერცხლებით.
15გაუშვა ისრები და მიმოფანტა და განაბნია ელვანი მრავალნი.
16და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა, და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
17გამომიწოდა ხელი სიმაღლიდან, ამომიყვანა; მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
18დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
19ადგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა,
21მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
22ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
23ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
24უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
25და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
26გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს – გულმართლად;
27ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს – უკუღმართად;
28რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
29ამიტომ ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
30შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
31უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
32რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
33ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34ჩემს წვივებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35ომს ასწავლის ჩემს ხელებს, და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36მომეცი ფარი შენი ხსნისა, და შემეწიე შენი მარჯვენით! განმადიდე შენი წყალობით!
37გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ, და ჩემი წვივები აღარ წაბორძიკებულან.
38დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები ვიდრე არ მოვსპობ.
39დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფერხთა ქვეშ განერთხმებიან.
40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფერხთქვეშ.
41ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
42იღაღადებენ, და მშველელი არ ეყოლებათ; უფლის მიმართ
43გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
44მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერების მეთაურად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს.
45ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
46უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
47უკვდავია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი – ჩემი მშველელი,
48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
49ჩემო მხსნელო მტრებისაგან, შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი.
50ამისთვის გადიდებ წარმართებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
51ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისათვის – დავითისა და მისი მოდგმისათვის საუკუნოდ.

Currently Selected:

ფსალმ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy