YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 2

2
დავრდომილის განკურნება.
ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა
1რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო.
2იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა.
4და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“
6იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა:
7„რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“
8იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ?
9რა უფრო ადვილია – თქმა დავრდომილისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’?
10ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს;
11შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“
12ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“
ლევის მოწოდება
13კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე.“ ისიც ადგა და გაჰყვა მას.
15როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას.
16და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“
17ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“
ახალი ღვინო ახალ ტიკში
18იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
19იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა,
20მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.
21ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა.
22არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“
შაბათის უფალიც არის კაცის ძე
23მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს.
24ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“
25უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ?
26როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“
27უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“

Currently Selected:

მარკ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy