YouVersion Logo
Search Icon

მათ. 27

27
იუდას აღსასრული. პილატეს სამსჯავრო
1გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – განმგებელს.
3როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,
4და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.“ მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“
5და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.“
7მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.
8ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი.
9მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ,
10და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“
11ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“
12და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია.
13მაშინ უთხრა მას პილატემ: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“
14არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, ისე რომ ძალიან უკვირდა განმგებელს.
15დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს – ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
16ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული.
17როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“
18ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
19როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“
20ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.
21მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“
22უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“
23ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“
24როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“
25მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“
26მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
ჯვარცმა
27მაშინ განმგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს.
28გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი.
29დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“
30და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.
31დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, მისი ჯვარი ეტარებინა.
33მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
34მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა.
35ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
37თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.“
იესოს დაცინვა
38მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი – მარცხნივ.
39გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“
41ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
42„სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ღვთის ძე ვარო.“
44მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას.
შეძახილი ჯვრიდან. სიკვდილი
45ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
46მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთან?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“
47იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო.
48უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.
49სხვები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“
50ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
51და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კლდეები დასკდა.
52სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.
53გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ.
54ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.“
55იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა.
დაკრძალვა
57როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები. ისიც იესოს მოწაფე იყო.
58მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.
59აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
სამარხის დაცვა
62მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან
63და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“
65უთხრა მათ პილატემ: „თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით.“
66ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს.

Currently Selected:

მათ. 27: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy