YouVersion Logo
Search Icon

2მეფ. 22

22
დავითის საგალობელი მტერთაგან განთავისუფლების გამო
1და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
2და თქვა: „უფალი კლდეა ჩემი,
3ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან!
4უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
5მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, დაღუპვის ნიაღვრებმა შემაშინეს.
6შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
7ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა, და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
8და შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი.
9ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
10და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ.
11და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა.
12კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.
13მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები.
14და ციდან დაიქუხა უფალმა, და უზენაესმა ხმა გამოსცა.
15და ისრები გატყორცნა და მიმოიფანტა ჩემი მტრები, და იგრგვინა და გზა-კვალი აუბნია.
16და გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
17ხელი გადმოყო ზეგარდმო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
18მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან,
19ჭირში ვიყავ. როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.
21მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლისამებრ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ გადამიხადა.
22რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისათვის არ შემიცოდავს.
23რადგან მისი მცნებები წინ მედო, და მისი წესებისთვის არ გადამიხვევია.
24წრფელი ვიყავ მის მიმართ, და ცოდვას გავურბოდი.
25და გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ, და სიწმინდისაებრ მის თვალში.
26მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
27უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ! და უკუღმართთან მისი ცბიერებისამებრ.
28დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, და მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
29რადგან, უფალო, ჩემი ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
30რადგან შენით ურდოებს შევებმები, ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
31წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი,
32რადგან სად არის სხვა ღმერთი, გარდა უფლისა? სად არის კლდე, გარდა ჩვენი ღვთისა?
33ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი და გზის წრფელად წარმმართველი.
34ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკზე დამაყენებს.
35საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს, და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი.
36ხსნის ფარს შენ მაძლევ, და შენი მოწყალება განმადიდებს.
37შენ მიფართოებ ნაბიჯებს, და აღარ მეჩორთება კოჭები.
38მტერს ვედევნები მოსასპობად, და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
39ვსპობ და ვანადგურებ, და ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
40შენ შემომსარტყლავ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომებს.
41მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
42აქეთ-იქით იხედებიან, მაგრამ არა ჩანს მხსნელი, უფლისაკენ – მაგრამ ხმას არ სცემს.
43მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ.
44შენ მიხსნი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან, შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45უცხო ხალხები მეპირფერებიან, როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან.
46უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
47ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა.
48ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი;
49მტრებისგან ჩემი გამრიდებელი, და ჩემს მოჯანყეებზე ჩემი ამამაღლებელი, მოძალადეთაგან ჩემი დამფარავი!
50ამიტომ გადიდებ, შენ. უფალო, ხალხთა შორის, და შენს სახელს ვუგალობ.
51დიდი ხსნის მომტანი თავისი მეფისთვის, მწყალობელი თავისი ცხებულისათვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე.“

Currently Selected:

2მეფ. 22: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy