YouVersion Logo
Search Icon

რომ. 11

11
მადლის არჩევით ინახება ნატამალი
1მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
2არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“
4მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.“
5ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.
6ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმეც აღარ არის საქმე.
7მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ.
8როგორც სწერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“
9ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი,
10დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“
ისრაელიანთა დაცემით წარმართების ხსნა
11მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
12და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.
13ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან?
16თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
17ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი,
18ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო!
20კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.
22ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.
23და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
ყველა ისრაელიანი გადარჩება
25რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან.
26ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს.
27ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“
28დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის.
29ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.
30ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობით,
31ისე, ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?
35ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს?
36რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.

Currently Selected:

რომ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy